საქართველოში ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი ფრენების შესაძლო აღდგენასთან დაკავშირებით ამბობს, რომ "საქართველოს პოზიცია თანხვედრაში უნდა მოდიოდეს ევროკავშირის პოზიციასთან, რამდენადაც ეს შესძლებელია".
ელჩის თქმით, ევროკავშირი ელის, რომ "საქართველო მიჰყვება მათ პოზიციას იმდენად, რამდენადაც შესაძლებელია".
"რაც შეეხება პირდაპირი ფრენების განახლებას რუსეთის მიმართულებით და პირიქით - უკრაინაში რუსეთის არაპროვოცირებული, გაუმართლებელი და უკიდურესად სასტიკი შეჭრის შემდეგ, ევროკავშირის 27-მა წევრმა ქვეყანამ რუსეთში და რუსეთიდან პირდაპირი ფრენების აკრძალვა ერთსულოვნად გადაწყვიტა. ეს გადაწყვეტილება მიღებულ იქნა არა მხოლოდ ევროკავშირის წევრი ქვეყნების, არამედ ბევრი სხვა თანამოაზრე ქვეყნის მიერ. საქართველოსა და საქართველოს ხელისუფლების გადასაწყვეტია, თუმცა ჩვენი თვალთახედვით, საქართველო თანხვედრაში უნდა მოდიოდეს ჩვენს პოზიციასთან, რამდენადაც ეს შესაძლებელია. მესმის ვითარების სენსიტიურობა, მაგრამ ველით, რომ საქართველო მიჰყვება ჩვენს პოზიციას იმდენად, რამდენადაც შესაძლებელია", - ამბობს ჰერჩინსკი ინტერპრესნიუსთან ინტერვიუში.
საქართველოსთან პირდაპირი ფრენების აღდგენაზე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა საუბარი რამდენიმე კვირის წინ დაიწყო. ამავე დროს, ის აქებდა საქართველოს მთავრობას, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს არ შეუერთდა.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე, გრიგორი კარასინი ამბობს, რუსეთი მზადაა, საქართველოსთან ფრენები აღადგინოს, მაგრამ ამისთვის ქართული მხარის თანხმობაა საჭირო.
ქართულ ოცნებაში ავიამიმოსვლის აღდგენაში პრობლემას ვერ ხედავნ და, პირიქით, მიესალმებიან კიდეც. ამავე დროს, ოპოზიციაში პირდაპირ საფრთხეს ხედავენ.
პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც ავიამიმოსვლის აღდგენის წინააღდეგია და ამბობს, რომ როდესაც ჩვენი პარტნიორები უკრაინის გვერდით დგანან, საქართველოს მთავრობის პოზიცია გაუგებარია.